ჩიღო

 

HPIM2356ჩიღოს ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 7–8 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 500 მეტრში.

 

ისტორიული  მიმოხილვა ლეგენდები

XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 32 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 147). სოფლის მოსახლე პირველი გვარი ოჩოიძე ყოფილა. ესენი გაიყვნენ ბაკურიძედ და აქიმიძედ. საწყისი გვარი შემდგომ აღარ იხმარებოდა. ჩიღოში ასევე იყვნენ ელანიძეები, მათი შეკედლებული (ხარით შეყრილი) შტო – მეშველიძე; მარხვაიძეები – შტო ტალიურიძე; ბექურიძეები, შტო – ხელაიძე.
“წმინდა თევდორე” რომელსაც “ქავთარე ტოლიკიანის” ჯვარს ეძახიან, კარატის ჯვრის გასწვრივაა, სოფელში. ძველად ქავთარის მთაზე ერთი სალოცავი ჰქონდათ ქისტებს და თუშებს. იმ ადგილას ბევრი იყო ცხოველების რქები. მერე ქისტებს და თუშებს ჩხუბი მოუვიდათ და ამის შემდეგ ქავთარ ტოლიკიანი აიყარა იქიდან და სოფელში ჩამოვიდა და დასახლდა. შემდეგ “წმინდა თევდორე” სალოცავი გამხდარა სოფლისათვის. ტოლიკა ქავთარის წამოსასხამი ტანისამოსი იყო, ნაბდის მაგიერი.ჩიღოსთავის ჯვარში სოფელი საკუთარ დღესასწაულს ზეიმობს. დღეობა იმართება ლაშარობის სწორზე. ჩვეულებრივი დღეობაა. ლუდს ხდიან. აღსანიშნავია ქალების და ვაჟების მხიარულობა. ქალები ვაჟებს უშლიან ქორბეღელას და ნებას არ აძლევენ, რომ ქორბეღელისათვის დანიშნულ მანძილზე გაიტანონ ქორბეღელა. ვაჟები ეწინააღმდეგებიან და ბოლოს ხატის გამო ქალები ვეღარ შედიან ხატში და ვეღარ უშლიან და კაცები იმარჯვებენ. მივლენ ხატში მექორბეღელენი, თითო თას ლუდს დალევენ და ნათეს ნებადართვით ვაჟები გაიქცევიან ქალებთან და არბენინებენ ხელჩავლებულს. მერე ჩვეულებრივ პურს ჭამენ და შემდეგ დაბრუნდებიან სოფლისკენ, სადაც დააქცევენ ე.ი. გამოაჭენებენ ახალგაზრდებს სოფლამდე “ჩხუტ–სუფრაზე”. ჩხუტ–სუფრა არის: სამი პური, ხორცი, ყველი და ვაშპარა ლუდი. ამ სუფრას სხვასაც უყოფენ.

6. არქიტექტურული აღწერა

naxazi

I. კარატის ჯვარი საკულტო ნაგებობაა. მდებარეობს ნასოფლარში. სალოცავი გეგმით ოთკუთხაა და ზემოთ ოდნავ შევიწროვებული მთლიანი მასის ნაგებობაა. ნაშენია ფიქლით, წყობა მშრალია. სამხრეთ წახნაგში, ერთი მეორეს მიყოლებით, მოწყობილი აქვს ორი პატარა ნიში. მსგავსი ერთი ნიში აღმოსავლეთითაცაა. გადმოცემით სალოცავს დარბაზიც ჰქონდა. აქ სალოცავად ხევსურებიც მოდიოდნენ.
II. ლაშარის ჯვარი საკულტო ძეგლია და ნასოფლარიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 2 კილომეტრში დგას მაღალ გორაზე. იგი თუშეთის ყველა თემის საერთო სალოცავია. დღეობა იმართება აღდგომიდან 100–ე დღეს. ხატს აქვს თავისი საყანე მიწა და ტყე. კომპლექსში შედის:, სასანთლე კოშკი (მილიონა), საკურთხეველი, სამსხვერპლო, დარბაზი, დარბაზის (ჯვარის) კარი, სადროშე, საზარე, კოშკებიანი გალავანი და საბერო. ყველა შენობა ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია.
ა) სასანთლე კოშკი დგას ჯვარის კარის მისასვლელთან. გაგმით სწორკუთხაა, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. აქვს ორი პატარა ნიში. ერთი სამხრეთ კედელის ზედა ნაწილშია, მეორე – დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში. სასანთლეს პირამიდული ხუთსაფეხურიანი სახურავი აქვს, რომლის ზედა საფეხურზე მთის ბროლი (ხინჭრიკვა) დევს.
ბ) საკურთხეველი სასანთლე კოშკის დასავლეთ კედლის წინაა. ლაშარობას აქ სანთლებს ანთებენ, აქვე აწყობდნენ რიტუალურ კვერებს.
გ) საკურთხევლის გვედით სამსხვერპლოა (სასაკლაო) – ხელოვნურად დაკავებული და სიპით მოგებული პატარა ადგილი, საიდანაც იწყება მთის მკვეთრი დაქანება (30–40 მ), რომელზედაც აგორებდნენ ლაშარის სახელზე შეწირულ ზვარაკებს. ტაფობში ზვარაკებს ატყავებდნენ. ტყავები ლაშარის ჯირითში გამარჯვებულთ ჯილდოდ ურიგდებოდათ.
დ) დარბაზი სასანთლეს სამხრეთიდან აქვს მიდგმული. გეგმით სწორკუთხაა. გარედან კედლები ალაგ–ალაგ ლამითაა შელესილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შიგნით, დასავლეთ კედელში პატარა სამკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედელზე სამი საფეხურია მოწყობილი. მათგან ზედა სასანთლეა, ხოლო ქვედა სკამი. ლაშარობას სასანთლეზე სანთლებს ანთებენ და ხმიადებს აწყობდნენ. დარბაზის სამხრეთ კედელთან ხის მერხი დგას, ხოლო შუაში – ხის მოჩუქურთმებული სავარძელი (ხელოსნის “საბძანი”). აღმოსავლეთ კედელთან სიპით ნაგები სკამია. დარბაზის იატაკზე ფიქალია მოგებული. სახურავი ორფერდაა, დაბურულია ფიქლით.
ე) დარბაზის მთავარი, სამხრეთ ფასადის დარბაზის კარია – ყორედ ამოყვანილი კედლით შექმნილი მოგრძო ბაქანი, რომელიც დარბაზის სახურავის წინ წამოწეული ნაწილითაა გადახურული.
ვ) სადროშე სასანთლე კოშკსა და დარბაზს შორისაა. ლაშარობას ხელოსანს დარბაზიდან დროშა გამოჰქონდა და სადროშეში ამაგრებდა.
ზ) საზარე დგას დარბაზის კარის დასავლეთით. იგი შედგება ერთმანეთთან ახლო მდგარი, თაღებით დაკავშირებული ოთხი ბოძისგან, გადახურული ყოფილა ორსაფეხურიანი პირამიდული სახურავით. ამჟამად ორფერდა სახურავი აქვს, რომელზედაც ცხოველების (ვაცის, ჯიხვის, ყოჩებისა და ირმის) რქები აწყვია. შიგნით ბოძებს შორის გადებულ ძელზე, სპილენძის ორი ზარი კიდია.
თ) დარბაზის წინ ჯვარის ეზოა, რომელსაც ქვის გალავანი აქვს შემოვლებული. გალავანში ჩაშენებულია სამი კოშკი, ე.წ. ხატი. გალავნის აღმოსავლეთ კედელში ჩაშენებულია მარიამ ღვთისმშობლის ხატი, სამსავე კოშკს მრავალსაფეხურიანი პირამიდული სახურავი აქვს.
ი) საბერო დგას საზარეს ჩრდილო–დასავლეთით, კლდის პირას. გეგმით სწორხკუთხაა, ცალფერდსახურავიანი. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. შიგნით დასავლეთ კედლის გასწვრივ, ფიქლით მშრალად ნაგები მერხია. ფიქლითავეა მოგებული იატაკის ნაწილი.
კ) საჯარე ვაკე ადგილია, მდებარეობს დარბაზის დასავლეთით, 200 მეტრზე. აქ იკრიბებოდნენ ხატობაში მისული მამაკაცები (ქალებს საჯარეში მისვლა ეკრძალებოდათ). საჯარეში ჩადგმულია მოზრდილი ქვა, (სიმ. 1 მ) “საწდე”, რომელზეც სანთლებს ანთებდნენ. ლაშარის ჯვრის დასავლეთით, ხატის ტყით შეფენილ გორაზე ე.წ. საბინაო ადგილებია. დადგენილი წესის თანახმად, საბინაოში ღამეს ათევდნენ მხოლოდ ქალები. მამაკაცებს აქ ღამით არც მისვლა შეეძლოთ და არც ღამის თევა. ჩიღოში მცხოვრებ ყველა გვარს თავისი საბინაო ჰქონდა, დანარჩენი სოფლების მცხოვრებთ კი – საერთო სასოფლო საბინაო. ხატში მიმავალი გზა ჯვარის ყანის ზემოთ ორად იყოფა: ერთი კაცებისაა, მოკლეა და პირდაპირ ხატის მიწაზე გადის. რადგან ქალებს ჯვარ ხატის მიწაზე ფეხის დადგმა ეკრძალებოდათ, ამიტომ ისინი სხვა გზით სარგებლობდნენ და ჯვარისგან მოშორებით ბინავდებოდნენ. საბინაო ადგილების დასავლეთით და ჩრდილოეთით, მთის კალთაზე, საჯირითოა, სადაც ლაშარობას ჯირითი იმართებოდა.
III. ქავთარ ხაგირის სალოცავი საკულტო ძეგლია და ნასოფლარში მდებარეობს. სალოცავი ფიქლით მშრალად ნაშენი, მთლიანი მასის, ოთკუთხა სვეტის ფორმის ნაგებობაა, დგას ყორის დაბალი გალავნით შემოზღუდული ვრცელი ტერიტორიის შუაში. მთავარი ფასადი სამხრეთით აქვს მიმართული, რომელშიც მოწყობილია პატარა სასანთლე ნიში. ნაგებობას თავზე ადევს ორი ქვა. მათ შორის ერთი მაგარი ჯიშისაა და კონუსისებრი ფორმა აქვს, მეორე შირიმისაა – მრგვალი. სალოცავს ჩრდილოეთიდან აკრავს პატარა ვაკე ადგილი – საანჯმო, სადაც მამაკაცები სოფლის საჭირბოროტო საქმეებს წყვეტდნენ.
IV. მარხვაიძეების ციხე–სახლი დგას ნასოფლარის განაპირას, ჩრდილო აღმოსავლეთით, ხევის პირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. შენობა ოთკუთხა პრიზმის ფორმისაა, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. წყობა მშრალია. ძალიან დაზიანებულია: შემორჩენილია სამი სართული და IV სართულის კედლების ნაწილი, ჩამოშლილია სართულშუა გადახურვა, რომელიც ხის კოჭებზე იყო დაყრდნობილი. I სართულს (6X5.2 მ) შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. მსგავსი კარი II სართულის დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილშიცაა გაჭრილი. ამ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია, სამხრეთ კედელში – ორი. III სართულის დასავლეთ კედელში თაღოვანი კარია, სამხრეთ კედელში – ორი სათოფური. IV სართულის კედლებში ძირს დახრილი რამდენიმე სათოფურია. დასავლეთ კედლის შუაში შემორჩენილია მაშიკულის კვალი.
V. ბაკურაიძეების ციხე–სახლი დგას ნასოფლარის ცენტრში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სახლი (6.2X6.2 მ; სიმ. 10.2 მ) ნაგებია ფიქლითა და კირის ხსნარით. ოთხსართულიანია. I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა, II და III სართულებზე – ჩრდილოეთიდან. ამ სართულებზე რამდენიმე სათოფური, სარკმელი და ნიშია. IV სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე თითო შვერილი სალოდეა. ძნელად მისადგომ სამხრეთ კედელის ზედა ნაწილში ორი დიდი ოთხკუთხა ღიობია. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია საძრომებით, რომლებზეც ხის გადასაადგილებელი კიბეები იყო მიდგმული. სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებზეა მოწყობილი. სახლს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.   (მასალა ამოღებული http://www.zeglebi.ge)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s