თუშეთისკენ

tusheti 021ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. თუშეთის ტერიტორიები ხასიათდება ფლორისტული მრავალფეროვნებით, ენდემურ და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით, რაც ერთის მხრივ, განპირობებულია ტერიტორიის სიდიდითა და გეოგრაფიული მდებარეობით, მიუხედავად ვერტიკალური სარტყელების მცირე დიაპაზონისა. თუშეთის ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 32000 ჰა-ს. ძირითადად წარმოდგენილია ფიჭვნარით (სოსნოვსკის ფიჭვი) და არყნარით (ლიტვინოვისა და რადეს არყი). მათ ხშირად ეთავსება ისეთი სახეობები, როგორიცაა ცირცელი, მდგნალი, მურყნარი და სხვა. თუშეთის ტყეებში და მათ გარეთაც მრავლადაა კენკროვანი და ტყის ხილის მცენარეულობა.

თუშეთის ტყეებში გამოიყოფა ტყის ტიპები, რომლებიც სხვაგან თითქმის არ აღნიშნულა: არყნარ-ფიჭვნარი სუბალპური ბალახეულით, არყნარ-ცაცხვნარი ბუჩქნარებით, ფიჭვნარი დეკათი და სხვა. ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე გვხვდება, რაც კავკასიისათვის უნიკალური შემთხვევაა. თუშეთის ფიჭვნარებს, ოროგრაფიული იზოლირების წყალობით, ჯიშობრივი ცვლილება არ განუცდია. თითქმის ორი მილიონი წლის კარჩაკეტილი ევოლუციის შედეგია აქ მცენარეთა ტიპურებიდან განსხვავებული ფორმების არსებობა, ასეთებია: სოსნოვსკის ფიჭვი, მაჯაღვერი, ტირიფები, თელა და ა. შ.

მდიდარი სახეობრივი შემადგენლობით გამოირჩევა ცხოველთა სამყარო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მტაცებელთა და წყვილჩლიქოსანთა რიგების წარმომადგენლები. ასეთი სახეობებია: ნიამორი, რომლის არეალიც შემოიფარგლება გომეწრისა და პირიქითის ვიწრო კლდოვანი ხეობებით და დიკლოს ხორხის მიდამოებით; არჩვი — მისი რიცხოვნობა ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედების გამო (ძოვება, ბრაკონიერობა) მკვეთრად შემცირებულია; აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის პოპულაცია ძალიან მცირერიცხოვანია; შველი, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ კავკასიონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

მტაცებლებიდან პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს წინააზიური ლეოპარდი (ჯიქი), რომელიც მთელ კავკასიაში ერთეული ინდივიდების სახით არის შემორჩენილი პირიქითის ქედის სუბალპურ, ალპურ და სუბნივალურ ზონებში. იგი აღმოჩენილ იქნა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალშიც. ეს ცხოველი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ წიგნშია შეტანილი.

თუშეთში ასევე გავრცელებულია მგელი, ფოცხვერი, დათვი და ა.შ.
ფრინველთა სახეობებიდან აღსანიშნავია კრავიჭამია, შევარდენი, შურთხი (მთის ინდაური). ყველა ეს სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ წიგნში.

ფხოველთა (ფშავ-ხევსურთა) თუშეთში მიგრაციის შესახებ რამდენიმე წყარო მეტყველებს. ამას მხარს უმაგრებს გვარ-სახელები, ენობრივი დიალექტური შეხვედრები, სეხნია ტოპონიმები და სხვა. ეს შეიძლება მომხდარიყო ახ. წ.-ის IV ს-ის პირველ ნახევარში, იბერიის მეფე მირიან III-ის მიერ ქვეყნის გაქრისტიანების მცდელობის წინააღმდეგ ამხედრებულ ტომთა მიერ.
თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დგინდება თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან. გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ზოომორფული ფიგურები თუ სიმბოლო-ნიშნები თუშეთის ტრადიციული მეურნეობრივი დარგების-მეცხვარეობისა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური ნიშნულებია.
ქართულ საისტორიო წყაროებში თუშეთის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. ერთ-ერთი ასეთი ცნობა უკავშირდება IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას საქართველოში და, ამასთან დაკავშირებით, ფხოველთა იძულებით გადასახლებას თუშეთში.

VIII საუკუნეში თუშეთი მოიხსენიება საქართველოს სამეფოსადმი დაქვემდებარებულ ჩრდილო კავკასიელ ტომებთან, კერძოდ, ხუნძახის თემთან საერთო ადმინისტრაციულ საზღვრებში — წუქეთის საერისთაოში. ამ დროს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, რაზეც მეტყველებს ინგუშეთისა და დაღესტნის IX საუკუნის ქრისტიანული ძეგლები.
XV საუკუნეში გიორგი I აუქმებს საერისთავოებს და აწესებს სამოურავოებს.

მნიშვნელოვანია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც ეხება კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას. ეს არის პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ.
1660 წელს თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ბრძოლაში თუშების მიერ შეტანილი დიდი წვლილი დასდებია საფუძვლად ლეგენდას, რომელიც ეხება თუშთა ბელადის — ზეზვა გაფრინდაულის მამაცობასა და ალონის ველის თუშებისთვის გადაცემას.

თუშებისთვის ალვანის ველის საძოვრებით სარგებლობის უფლება შემდგომში დაკანონებულ იქნა კახეთის მეფეების — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით.

XVII საუკუნეში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მიკვლეულ ქვაზე დაწერილი გუჯარიდან ირკვევა, თუშებს თავიანთი ცხვარმრავალი ფარებისათვის ათვისებული აქვთ შირაქის ზამთრის საძოვრები, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და თუშეთის გეოსოციალური სტრუქტურის ორგანულ კომპონენტს წარმოადგენს.
მეზობელი ტომების თავდასხმებისაგან თუშეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ადგილობრივი ფორტიფიკაციული არქიტექტურა.

სოფლების განაშენიანებისათვის, როგორც შენაქოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი დასახლების ნაშთები მოწმობს, უძველესი დროიდან უპირატესობა ენიჭებოდა ბუნებრივ სიმაგრეებსა და შეჯგუფულ დასახლებას. ამგვარ ციხე-სოფლებს განეკუთვნება ძველი დიკლო, ჰეღო, წარო, ინდურთა და ა. შ. თუშეთის ყოველ სოფელში დღემდეა შემონახული XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვითი და სასიგნალო ციხე-კოშკები, რომლებშიც იხიზნებოდა მოსახლეობა და კოლექტიურად იცავდა თავს მომხვდურთაგან. საოჯახო თემის საცხოვრებელმა ციხე-სახლებმა XIX საუკუნის II ნახევარში დაკარგეს თავდაცვითი ფუნქცია და დაიწყო მათი გადაკეთება და ახალი ტიპის საცხოვრებლების-აივნიანი სახლების მშენებლობა, რაც პასუხობდა შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს.

თუშეთის ეთნოკულტურულ თავისებურებას, საქართველოს სხვა ტრადიციული კულტურებისგან განსხვავებით, ძირითადად განაპირობებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციფიკური მეურნეობრივი წყობა-მომთაბარეობითი მეცხვარეობის, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ერთობლიობა. თუშეთის ტრადიციული განსახლების სისტემა, ეკოლოგიურ-ესთეტიკური და თავდაცვით-სამეურნეო თვალსაზრისით, ბუნებრივი და ანთროპოგენული გარემოს ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარების სრულყოფილ ნიმუშს წარმოადგენს. ადგილობრივი ფიქალი ქვით აშენებული სოფლები და ციხე-კოშკები გარემომცველ ბუნებრივ გარემოსთან ერთად მაღალი ხარისხის ლანდშაფტურ ღირებულებებს ქმნის.

მომთაბარეობითმა მეცხვარეობამ, თუში მამაკაცის ტრადიციულმა დასაქმების სფერომ, დიდი როლი ითამაშა თუშების ეთნოფსიქოლოგიური და ყოფითი თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ტოლერანტობა, სულიერი წონასწორობა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგულება მწყემსი თუშების ყველაზე გამოკვეთილი მენტალური თვისებებია.

რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბუნებრივი სელექციის შედეგად მომთაბარეობითი მეცხვარეობის გზით გამოყვანილია ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის ადგილობრივი, თუშური ჯიშები.

საქონლის მოვლა-პატრონობა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტრადიციულად თუში ქალის საქმეა. ამასთან ერთად, ისინი დახელოვნებულნი არიან ცხვრის მატყლის დამუშავებაში, ქსოვასა და თელვაში. ხალხური ხელოვნების მოყვარულებს შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი („ჩითები“), ნაბდის ქუდი და ქეჩები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s