გაიგე მეტი თუშეთზე

HPIM2356საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება. თუშეთის დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი მდებარეობს. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები, მაკრატელას წყალგამყოფი ქედით ერთმანეთისგან გამოყოფილ, თუშეთის ორ მთავარ მდინარეში, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზანებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, შეერთებული მალევე სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში, სადაც ამ მდინარეს ანდის ყოისუს სახელით მოიხსენიებენ, და კასპიის ზღვაში ჩაედინება.

თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰა-ია.

ჰიდრორესურსები თუშეთში.

თუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითის ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ. შენაქოს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაღესტანში მიედინება ანდის-ყოუსის სახელწოდებით და კასპიის ზღვაში ჩაედინება.  გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითის ალაზანი აწუნთა-თებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ- ზე).

გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლისა და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.
პირიქითა ალაზნის მარცხენა მხარის შემდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი – ლაროვანის წყალი.
თუშეთის მდინარეები ზამთარში ნაწილობრივ იყინებიან.

თუშეთში ვხვდებით უამრავ პატარ-პატარა ზომის ტბებს, რომლებიც სხვადასხვაგვარი წარმოშობისანი არიან. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. ისინი იმდენად პატარა ზომისანი არიან, რომ არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებს ვხვდებით შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობის) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია.

ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე – 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.

თუშეთის ტერიტორიაზე ვხვდებით ჭაობებსაც, რომლებიც პატარა ტბების დაშრობით უნდა იყოს გამოწვეული. ისინი გავრცელებულნი არიან როგორც ალპურ და სუბნივალურ ზონებში, ისე სოფლების მიდამოებში. მაგალითად, სოფლების: შენაქოს, ომალოს, დიკლოს, თურსიეხისა და ხახაბოს ჭაობების არსებობაზე დიდ გავლენას ახდენს გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს მდებარეობა.

თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო-მინერალური წყლები. “ჩიღოს წყალი” ძალიან მარილიანია და შეიცავს ქლორიდებს, ვეძის გორის ძირში გამოდის მჟავე წყლის ორი ჭავლი, სოფელ ხისოსთან, შენაქოსთან, ფარსმასთან, ნასოფლარსთან და ჭონთიოსთან გვხვდება ტუტე-მარილიანი წყლები, ასევე ომალოსთან არის ტუტე მარილიანი წყლის სამი ჭავლი. სოფელ დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში არის რკინის შემცველი წყაროები.

თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება

აქაური ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია (კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტი), ხოლო მცენარეთა 11 სახეობა საქართველოს ენდემია.

კავკასიონის ეს ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვისა, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა. ჯიხვის მეზობელია კავკასიის მეორე ენდემიც – კავკასიურ შურთხი, დეკიანებსა და არყნარებში ცხოვრობს კავკასიური როჭო – თუშეთის ბუნების კიდევ ერთი მშვენება.
მსხვილი ჩლიქოსნებიდან თუშეთის ტყეებში ხშირადაა შესაძლებელი შვლის, ძალზე იშვიათად კი – ირმის ნახვა. მეზობელი დაღესტანიდან თუშეთში რეგულარულად შემოდის გარეული ღორი.

თუშეთი მდიდარია მტაცებლებით

მელასა და მგელს აქ ყველგან, მათ შორის ზღვის დონიდან ძალიან მაღლაც, შეხვდებით. ასევე ყველგან ნახავთ მურა დათვის კვალსაც, რომლის პოპულაცია თუშეთში საკმაოდ სტაბილურია. თუშეთში ფოცხვერიც საკმაო რაოდენობით ბინადრობს და არც საკვების უკმარისობას განიცდის. მცირე ზომის მღრღნელებიდან და კურდღლიდან დაწყებული, არჩვითა და ჯიხვის ციკნებით დამთავრებული – ყველა ეს ცხოველი ფოცხვერის სანადირო ობიექტს წარმოადგენს.

მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ თუშეთის მთებს ჯერ კიდევ შეიძლება აფარებდეს თავს ჯიქი – წინააზიური ლეოპარდი.

თუშეთი ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მდიდარი მხარეა

აქ მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. თუშეთის წიწვოვან კორომებში ცხოვრობენ და ფიჭვის გირჩით იკვებებიან საქართველოსთვის საკმაოდ იშვაითი ნაძვის ნისკარტმარწუხები. იმავე ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალის ნახვა შეიძლება. უფრო მაღლა წითელთავა მთიულები, მთის მწყერჩიტები და წითელფრთიანი კლდეცოციები გვხვდება. თუშეთის მიუვალი კლდეები უზარმაზარი ფრინველების – ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. აქ ბევრია კაკაბიც. სხვა მტაცებელ ფრინველთაგან თუშეთში რამდენიმე სახეობის ბუ, მთის კირკიტა, კაკაჩა და ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენი გვხვდება. კალმახით (შალმო ფარიო ტრუტტა) მდიდარია თუშეთის მდინარეები. არსებული მონაცემების მიხედვით თუშეთში გვხვდება ქვეწარმავლების სამი სახეობა: ჩორონელლა აუსტრიაცა, Vიპერა ურსინი და Lაცერტა სპ., ასევე გავრცელებულია მინიმუმ ერთი სახეობის ამფიბია – მწვანე გომბეშო.

თუშეთის ყოველი სოფელი თავისთავადაა ისტორიული ძეგლი

აქ არის კულტურულ-სამეურნეო ღირებულების მატარებელი ძეგლები: ქვახიდის წყლისა და ლაროვანის წყლის, გომეწრის ალაზნის სათავის და წოვათის წყლის ხეობებში არსებული მწყემსთა საზაფხულო ბინები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.

HPIM2356საქართველოს ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები – ქვის ეს დრეკადი ნაგებობები თუშთა თავშესაფარს და ასევე სათვალთვალოს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნების თავდასხმებისგან თავის დასაღწევად. ამ კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. თუშეთში რომ კულტურა და არქიტექტურა უძველეს დროშივე იყო განვითარებული, ამაზე მეტყველებენ ასევე ფუტკრის სკის სტილის ნაგებობები.  თუშეთში განლაგებულია ძველი სოფლები და ნასოფლარები, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიან შუა საუკუნეების ციხეკოშკები, თავად თუშთა მომთაბარე და რომანტიული ცხოვრების წესით და საზაფხულო ხატობა-დღეობებით, მუდამ მრავლად იზიდავდა მნახველს. თუშების სტუმართმოყვარეობა კი ყოველთვის იყო ტურისტის თუ დამთვალიერებლის უსაფრთხოების გარანტი. თუშეთი მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. ეს მიუვალი მთიანი მხარე დაბალი და მუხლმაგარი თუშური ცხენის და მეცხვარეების ერთგული თანაშემწის – ქართული ნაგაზის სამშობლოა.
ჩხვარმეცხვარეობამ თუშეთში სახალხო რეწვის განვითარება გამოიწვია. თუში ქალები მატყლისგან მართლაც რომ საოცრად სადა და ლამაზ, ბუნებრივი საღებავებით შეფერილ ნაკეთობებს ქმნიან – წინდებითა და ჩითებით დაწყებული, თუშური ფარდაგებით დამთავრებული.
თუშეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილია. ტურისტებს იზიდავს მისი თვალწარმტაცი ბუნება, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურისტული მომსახურების სხვადასხვა სახით. თუშეთში კეთილმოწყობილია საოჯახო სასტუმროები.

თუშეთის ტერიტროებზე ვიზიტისათვის საუკეთესო სეზონია ზაფხული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s