
თუშებისათვის ზამთრის რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის აღნიშვნა, რომელსაც ხალხი თავის ბედსა თუ უბედობას უკავშირებს. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოკოტირს ”ქრისტეს საგძალს”, მამაკაცების სახელზე ”ბაცუკაცს”, ქალებზე ”მრგვალ კვერს”. დისახლისები ასევე აცხობენ სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს ”კერის კვერს”, შემდეგ ამ ყველა კვერს ხონზე დაალაგებენ, ზედვე ადებენ მატყლს, მარილს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. მეკვლეს საახალწლოდ ირჩევს თითოეული ოჯახი, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია ერბო, მატყლი, ყველი და ტკბილეული. ოჯახში შემოსვლისას მეკვლე პურს შემოაგორებს და იტყვის: ”შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა”. ამის შემდეგ ოჯახის წევრები სუფრას მიუსხდებიან და იწყება საახალწლო ქეიფი.