ხახაბო

tusheti 026სავარაუდოდ ხახაბო ყველაზე ახალგაზრდა სოფელია პირიქითა ხევსურეთში. გადმოცემით აქ პირველად ხახიაურები მოსულან. როცა შემოსულა ხახიაური დღევანდელი ხახაბოს ტერიტორიაზე იქ ერთი ტაფობიდან ჯიხვები ამოშლილან. მასაც პირველი კოშკი იქ ჩაუდგამს.

ხახიაურები წარმოშობით თუშები არიან. მათი წინაპრები ჯავრეგაულები ყოფილან. ერთი ასეთი ლექსია შემორჩენილი:
ჩამაჯდა ციხის კარშია
ლაგაზი ჯავრეგაული
საპირისპიროს დაუჯდა
დარქოზან დასტორაული

ესროლა დასტორაულმა ისარი და მოკლა ლაგაზი (ხახიაურების წინაპარი). დასტორაული ლეკი იყო. ეს ციხე იყო წყაროსგორ ხოლკარში (ნასოფლარში), ხოლკარს ეძახიან იმ ნასოფლარს რომელიც ზვავმა მოსპო. ხახაბოში კიდევ მამიაურები, მინდიკაურები და ხოსიაურები ცხოვრობდნენ. ესენი ყველანი ფშავლები ყოფილან.
ლაგაზის შესახებ ერთი ასეთი ლეგენდაა შემორჩენილი როგორიც არღუმის ჩარღუმზეც:
დასცემიან ლეკები ხახაბოს და გაულალავთ ტყვეები. დასდევნებია ლაგაზი და რომ დაინახა მტერი დაუძახა დაჯექით და ფარი წინ დაიყუდეთო. ასეც მოქცეულან უსროლია ლაგაზს და გაუხვრეტია როგორც ფარი ისე მის უკან მჯდომი შვიდი ლეკიც და ისარი მიწაში ყიამდე ჩარჭობილა.
კიდევ ყავთ ხახიაურებს (იგივე ბაჩაყაურებს ან კეჟერათ) ერთი ლეგენდარული ადამიანი რომელსაც თორელი ერქვა. თორელმა იმით გამოიჩინა თავი რომ დევი მოკლა და თან დევის მოკვლა შერჩა კიდევაც. სხვა შემთხვევაში დევები არასოდეს პატიობდნენ თავისიანის სიკვდილს. როგორ მოხდა ეს:
დაკარგა თურმე თორელმა ერთი თავისი დიდი შავი ყოჩი და წასულა საძებნად. შეყოლია ხეობას და უპოვნია. იქვე ყოფილა ხევის წყალთან. გაბრაზებულა თორელი, შეუსვია ყოჩო კისერზე და წამოსულა სახლიკენ. მაგრამ შეამჩნია რომ ყოჩის ყვერები რაღაც არაბუნებრივად დიდი იყო, ამ დროს ხმაც მოესმა:
,,- გედიდნესო ყვერნი თორელოო?”
თურმე დევი არ ყოფილა?! ის ყოჩი შეუჭამია და ყოჩის სახით მოსჩვენებია. მოიქნია თორელმა დევი დააწყვიტა და მოკლა. გამოქცეულა შეშინებული სახლში. იცის რომ არ შეარჩენენ დევები. მართლაც როგორც კი კარგად დაღამდა ბანმა ზანზარი დაიწყო. დევები მოვიდნენ თორელის მოსაკლავად. დადიოდნენ თურმე ბანზე და იძახდნენ:
,,- თორელი შინასაო? ბახი შინ აქვსაო?”
თურმე თოფის ეშინოდათ დევებს და თოფს ბახს ეძახდნენ. თორელიც პასუხობდა:
,,- თორელი შინაა და ბახიც შინ აქვსაო”
უვლიათ ესე დევებს გათენებამდე, მაგრამ ვერაფერი, რომ ვერ მოუფიქრებიათ წასულან. ასე შერჩა თორელს დევის მოკვლა.
თურმე დევები და ხახაბოვლები საკმაოდ მეგობრულად ცხოვრობდნენ. მშრალახევას თავში ცხოვრებულან დევები. ისეთი ახლო ურთიერთობა ჰქონიათ ხალხთან რომ დღეობებში ჩამოდიოდნენ კიდეც და მათთან ერთად ილხენდნენ. ოღონდ ერთი შეთანხმება ჰქონიათ, არავის არ უნდა ეხსენებინა ჯვარი, ამის დევებს თურმე ძალიან ეშინოდათ. მაგრამ ერთ-ერთ დღესასწაულზე გუდანიდან (სოფელი პირაქეთა ხევსურეთში) ყოფილა სტუმარი ამოსული, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა. ზის ეს გუდანელი ჯართან (ხალხთან) ერთად, ქეიფობს და რას ხედავს დევები არ მოვიდნენ?! (დევებს კოჭები უკუღმა ჰქონდათ შებრუნებული, ამიტომ ადვილად იცნობოდნენ) შეშინებულა ეს კაცი და უთქვამს: – ჰოი გუდანის ჯვარო, შენ უშველე შენ ყმასო! ამის თქმა იყო და ყველა დევი ერთიანად გამქრალა. ის იყო და ის, მას მერე ხახაბოში დევები აღარ გამოჩენილან.
არ შეიძლება არ ითქვას თალას ციხის შესახებ. ეს არის სოფელთან კლდეზე მდგარი ხოსიაურების ციხე. თალას (კაცის სახელი) ჰყოლია ქალი თამარი. ერთხელ, როცა კაცები მთაში ყოფილან, სოფელს ლეკები დაცემიან. თამარს თმები აუკეცავს, ქუდი დაუხურავს, რომ მისი ქალობა არ გაეგოთ და არ მიუცია ლეკებისთვის სოფელში შესვლის საშუალება. ვერაფერს გახდნენ ლეკები და მოუწიათ უკან გაბრუნება. თუმცა ერთი დაჭრილი ლეკი ვეღარ წასულა და ციხის ძირში დამალულა. თამარს გადმოუხედავს ენახა რა ხდებოდა. ამ დროს მას ქუდი ჩამოვარდნია და თმები ჩამოშლია. დაუნახავს ეს იმ დაჭრილ ლეკს და თავისიანებითვის დაუწყია ყვირილი, – მობრუნდით ქალი ყოფილა, ქალმა ლაშქარი როგორ უნდა გაგაბრუნოთო. ლეკებიც მობრუნებულან, უფრო გულზეც მოსულან და ხელახლა შემოუტევიათ. დაუჭერიათ თალას ქალი თამარი, მაგრამ ამასობაში კაცებსაც მოუწრიათ დაბრუნება და ლეკებს გაქცევა მოუწიათ, თამარიც წაუყვანიათ, თუმცა დამჯერი ტყვე არ ყოფილა და ადვილად ვერ უტარებიათ, თან მთელი თავისი სიბრაზის გამო, სადღაც ტყუმანაჭერ გორთან ჯერ ძუძუები აუჭრიათ და მერე წამებით მოუკლავთ. თუმცა აქვე ხახაბოვლებიც წამოსწევიან და დაუხოცავთ ლეკების მარბიელე ჯარი. ესეთი თავდადებით გადაარჩინა თალას ქალმა თამარმა ხახაბო.
ხახაბოში სამი სალოცავია: ვაკის, გორის და წყაროს თავის. გორის სალოცავი იმით ყოფილა თურმე ძლიერი რომ მას ჭირი არ გადმოუშვია სოფელში. ამბობენ თუ ჭირს გამოქცეული ადამიანი ამ გორს გადმოასწრებდა მაშინ ის გადარჩენილი იყოო და მართლაც ხახაბოში აკლდამები არ არის.
წყარო გორის სალოცავის შესახებ ასეთი ლეგენდაა. თურმე ადრე იმ ადგილას ოჯახი ცხოვრებულა. ერთხან ყველანი სამუშაოზე წასულან, სახლში მარტო პატარა ბავშვი ყოფილა დარჩენილი. კერიაზე კიდევ საჭმელი ყოფილა ჩამოიდებული ქვაბით. მოსულა გველი და ქვაბიდან საჭმელი შეუჭამია. იმ პატარა ბავშვს ეს დაუნახავს. როცა სამუშაოდან დაბრუნებული ოჯახი საჭმელად დამჯდარა ბავშვს ტირილი დაუწყია გველმა ჭამა მანდედანაო არ შეჭამოთო, მაგრამ არავინ დაუჯერა და იმ ბავშვის გარდა ყველას უჭამია. გაწყვეტილა მთელი ოჯახი მხოლოდ ბავშვი გადარჩენილა. ხევსურებმა კიდევ ასე ახსნეს ეს ფაქტი რომ, ჯვარი ითხოვს ამ ადგილსო და მას მერე იქ ჯვარია.

კიდევ იმითაცაა საინტერესო ეს ჯვარი რომ შიგნით სალუდეში კლდეში ამოჭრილი ავზია რომელიც მუდამ წყლით არის სავსე. მაშინაც კი როცა ნახევარ ტონამდე წყალს იღებენ ლუდის მოსახარშად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s