წოვა-თუშები ქართულ სოციოკულტურულ სამყაროში

  ისტორიულად თუშები ცხოვრობდნენ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მთიანეთში ოთხ საზოგადოებაში: წოვა, გომეწარი, პირიქითი, ჩაღმა; მათგან  წოვები  და, ნაწილობრივ, პირიქითელები მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ, რამდენადაც ოდითგანვე მათ სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენდა  მეცხვარეობა. ამან განაპირობა წოვა–თუშების სოფლების გაშენება როგორც მთაში, ისე ბარში.  მთაში მათ ჰქონდათ სოფლები: ინდურთა, მოზართა, ეთელტა, ნაზართა, წარო, შავწყალა, საგირთა დანადირთა,  ბარში კი, პანკისის ხეობაში: ომალო, ხალაწანი, ბაწარა, ბირკიანი და სხვაალვანის ველზე – ბახტრიონი, წიწალყურე, მუხროვანი, გურგალჭალა, ოთხთვალა, ალონი, ლაფანყურე და ბაიჩლაყურე. სტიქიური უბედურებების გამო (1861 წელს წაილეკა წოვათის სოფელი საგირთა) მოსახლეობამ  თუშეთიდან  ნელ-ნელა ბარში გადმოსახლება დაიწყო და ძირითადად ალვნის ველზე, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, დამკვიდრდა. ეს ადგილები ჭაობიანი იყო, ამიტომ XX საუკუნის დასაწყისში მათ ააშენეს პირველი გეგმიური სოფელი  –  ალვანი,  რომელსაც შემდგომ ზემო-ალვანი დაერქვა,  რამდენადაც მოგვიანებით აშენდა ჩაღმების სოფელი – ქვემო-ალვანი. წოვა-თუშები არიან მართმადიდებლები დღიდან საქართველოს გაქრისტიანებისა; ეწევიან საკუთარ სამეურნეო საქმიანობას (მეცხვარეობას), რაც მათ აძლევს საშუალებას, შექმნან იმდენი სიმდიდრე, რომ თვითონაც  იცხოვრონ და სახელმწიფოს ხაზინაშიც   შეიტანონ თავიანთი წვლილი.

     თუშეთის  სასაზღვრო ტერიტორიები (და არა მარტო თუშეთის, არამედ საქართველოში ყველა მიუვალი მთიანი ადგილებისა) პერმანენტულად ივსებოდა მოსახლეობით. ამის მიზეზს ნიკო მარი ხედავდა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაში.  მთაში ახლად შემატებულებს ხვდებოდა მცირერიცხოვანი მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც შესაბამის დახმარებას უწევდა მათ და აკვალიანებდა. საუკუნეების განმავლობაში  საქართველოს მრავალრიცხოვანი მტერი უტევდა და მოსახლეობა იძულებული იყო, დამკვიდრებულიყო მთაში და იქიდან ეწარმოებინა მათ წინააღმდეგ ბრძოლები. ამ ომებში განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდნენ მთიელები, მათ შორის – თუშები. ისტორიამ შემოგვინახა  ცნობები, რომელთა თანახმად, მტრის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლების მონაწილეებად გვევლინებიან თუშები და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მთიელები (ხევსურები, ფშავლები, მთიულ-გუდამაყრელები და მოხევეები);  აღსანიშნავია  მეფე არჩილის  (667–718 წ.წ.) და მეფე თამარის (ХII-ХIII ს.ს.) ლაშქრობები, ირანის შაჰების – შაჰ-თამაზისა (1657) და შაჰ-აბასის (1770) – წინააღმდეგ გამართული ბრძოლები, ბახტრიონის ბრძოლა (1659) და ასპინძის ბრძოლა (1770), ბრძოლები აღა–მაჰმად ხანის წინააღმდეგ (1795), კავკასიური ომი (1852), ყირიმის ომი თურქების წინააღმდეგ – ჩოლოკის ბრძოლა (1878) და სხვ. [Шавхелишвили, 2001: 38].

მეტად მნიშვნელოვანია ქართველების მონაწილეობა კავკასიურ ომში, კერძოდ, თუშების ფაქტორი იმამ შამილის დატყვევებაში. ბევრი „კეთილის მსურველი“ ამ საკითხს იყენებს როგორც ქვაკუთხედს ქართველებისა და ჩრდილო–კავკასიელი მეზობლების დასაპირისპირებლად. ეს ძალზე მტკივნეული საკითხია ორივე მხარისთვის. ასეთ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ „ლეკიანობაც“, როდესაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი  ქვეყანას პერმანენტულად აყენებდა ზიანს: ანადგურებდა ქართულ სოფლებს, იტაცებდა ადამიანებსა და  პირუტყვს; უნდა გავიხსენოთ დაღესტნელი ხანების საიდუმლო გარიგებებიც საქართველოზე ირანისა და თურქეთის თავდასხმების დროს და  მათი როლი ამ შემოსევებში;  მრავალი სხვა შეცდომის გახსენება შეიძლება, რომლებიც პერიოდულად  იჩენდა თავს ორივე მხარეს და, რა თქმა უნდა,  განპირობებული იყო სხვადასხვა მიზეზით.  მნიშვნელოვანია, რომ  ერთისათვის საქართველო  სამშობლოა, მეორისათვის კი – მხოლოდ მეზობელი.

ჩემი ღრმა რწმენით, მთიელებისა და სხვა მეზობელი ტომებისთვის არასდროს დამდგარა წოვა-თუშების ვინაობის საკითხი; ყველასათვის ცნობილი იყო მათი ფესვები,  მათი სულიერი სამყარო და მათი როლი საქართველოს  ყველა საჭირბოროტო საქმეში. თვით წოვების ცნობიერებაში სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი,  არ არსებობდა და ამდენად, მათთვის  ყველაზე ფასეული სწორედ მისი ინტერესების დაცვა იყო.

საქართველოს ისტორიაში არ მოიძებნება არც ერთი შემთხვევა, რომ წოვა-თუშები რომელიმე მხარესთან გარიგებაზე წასულიყვნენ საკუთარი კეთილდღეობის გამო. მათი მონაწილეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში,  პირადი კონტაქტები (თუშები დაახლოებულნი იყვნენ სამეფო კართან; მეფეეების პირადი დაცვა, ძირითადად, თუშებისგან შედგებოდა) ყოველთვის ემსახურებოდა საქართველოს  ინტერესებს. უნდა აღინიშნოს, რომ სამშობლოს შეგრძნება და მისი სიყვარული  როგორც წოვა, ისე ჩაღმა თუშებში ისტორიულად ვლინდებოდა  არა იმდენად ემოციურად, რამდენადაც პრაგმატულად.

ომების დროს თუშებისათვის პატრიოტიზმი ნიშნავდა სამშობლოს – საქართველოს –სადარაჯოზე დგომას, მისი საზღვრების დაცვას, მეფისა და სახელმწიფო მოხელეების ერთგულებას, მთიელთა შორის ერთ-ერთი უძლიერესი ხალხის სახელის ღირსეულად ტარებას და ამ თვისებების შთამომავლობისთვის გადაცემას. თუშები სამართლიანად მიიჩნევდნენ, რომ ეს ყველაფერი შემდგომში გადაარჩენდა არა მარტო მათს ტრადიციებს, არამედ გაამაგრებდა მათს სულიერ რწმენას და არ მოარყევდა საძირკველს, რომელზეც  სახელმწიფო დგას. სიმტკიცე, ზნეობრიობა, სამართლიანობა, სტუმართმოყვარეობა და ადამიანებთან ალალ–მართალი ურთიერთობა – ეს ის თვისებებია, რომლებიც  დამახასიათებელია ზოგადად თუშისთვის – წოვა იქნება ის თუ ჩაღმა; ივანე ცისკარიშვილი წერდა: „… თუშები მეტად იშვიათად მარცხდებიან და მომხდური ყოველთვის დიდ დანაკლისს განიცდის, თუ მათ შეება ბრძოლაში… თუშებმა არაერთხელ დაუმტკიცეს მტერს თავიანთი უპირატესობა სიმამაცესა და სიძლიერეში, როგორი მრავალრიცხოვანიც არ უნდა ყოფილიყო იგი. თუ კარგად დააკვირდებით ამ მცირერიცხოვან ტომს, თქვენ დარწმუნდებით ჭეშმარიტებაში, რომ იგი შეიძლება დასახელდეს, როგორც ნიმუში პირადი და, შეიძლება ითქვას, არნახული სიმამაცისა… თუშები არასდროს არ კითხულობენ მომხდურის რაოდენობას – ბევრია იგი თუ ცოტა… მტრის პირველივე დანახვისთანავე  ეტაკებიან მას… როდესაც სოფელს შემოესეოდა მტერი, ქალებიც კი თავიანთი სიმღერითა და შეძახილებით ამხნევებდნენ და მოუწოდებენ სიმამაცისკენ. კავკასიელთა არცერთი თემი არ სარგებლობს ასეთი სიმამაცის სახელით, როგორც თუშები. დაღესტანშიც კი დიდი პატივისცემით თხზავენ და მღერიან სიმღერებს თუშთა გულად ჭაბუკებზე. თუშები – სახელოვნები თავის სიმამაცით, აგრეთვე განთქმულნი იყვნენ თავისი ერთგულებით საქართველოს მეფეებისადმი და შეადგენდნენ მათი პირადი დაცვის ამალას და ყოველთვის ახლდნენ მათ საქმეთა საგმირონში“ [Цискаришвили, 1848: 7]. ძალზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ბესარიონ ნიჟარაძე: „ როდესაც სვანები აუჯანყდნენ მეფე თამარს, … მან მოიხმო თუშები და გააგზავნა ისინი მათ დასაშოშმინებლად. სვანების  დამორჩილების მიზნით  თამარ მეფემ დატოვა თუშთა ერთი რაზმი სვანეთში“ [ნიჟარაძე, 1962: 148–149]. ზემო სვანეთის სოფ. უშგულის მიდამოებში დღემდე შემორჩენილია ტოპონიმები „თუშთა ნასახლარი“, „თუშების მთა“, „თუშების კოშკი“ და სხვ. [Шавхелишвили, 2001: 39]. საინტერესო შეფასებას აძლევდა თუშებს ა. ზისერმანი: «Тушины легендарный народ. Им неизвестен страх; наверно потому, что они защищали свою собственную грузинскую землю; они из покон веков являются храбрецами. Они разумны, деловиты, бесстрашны и предупредительны» [Зиссерманн, 1879: 27].

მეტად საინტერესო ფენომენია თუშური მელოდიები. წოვებს (განსაკუთრებით – მამაკაცებს) ერთი თვისება აქვთ, რომლითაც გამოირჩევიან სხვა მთიელებისგან, თვით   ჩაღმებისგანაც კი; ისინი ძალიან თავშეკავებულები და სიტყვაძუნწები არიან ემოციების გამოხატვისას. თუმცა, თუშური მელოდიის მოსმენისას ემოციებს ვერ ფარავენ. თუშების მელოდიები ძალზე მარტივი და სადაა შესრულების მანერითა და ტექნიკით (სრულდება ნებისმიერ ინსტრუმენტზე, სალამურზეც კი). ერთი შეხედვით, თუშების მელოდიები შეიძლება ერთფეროვნადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ მუსიკოსები და თვითონ თუშები უდიდესი სიზუსტით აღიქვამენ ყველა ნიუანსს, ფაქიზად განასხვავებენ მათ. რაც შეეხება ამ სიმღერების თემატიკას, ნიშანდობლივია, რომ  განსაკუთრებით ფართოდაა წარმოდგენილი ჰეროიკულ-პატრიოტული ჟანრი, რომელშიც ასახულია წინაპართა გმირობის ამბები, მათი ბრძოლა სამშობლოს დამპყრობელთა წინააღმდეგ (ეს მასალა დაცულია საქართველოს მუსიკალურ არქივში).  თუშურ პატრიოტულ ბალადებში, როგორც წესი,  წარმოდგენილია  დასრულებული სიუჟეტი, რომელიც გადმოგვცემს გარკვეულ ამბავს (მაგ., ლეკების დამარცხებას სოფ. წაროსთან, დევდრის ანთას გმირობას დიდოელების შეპყრობაში, ბახტრიონის ბრძოლის ეპიზოდებს და სხვ.). აღნიშნულ  ბალადებში სიუჟეტი ყოველთვის გამჭვირვალეა;  გარდა ქართველი გმირი თავადების სახელებისა (ორბელიანი, ჩოლოყაშვილი, ერისთავი, ჩერქეზიშვილი  და სხვ.),  ჩამოთვლილია უბრალო ხალხის წიაღიდან გამოსული სხვა გმირების სახელები თუშეთის ყველა კუთხიდან: შველა შველაიძე, მეტი საღირიშვილი, დევდრის ანთა (წოვათიდან), შეთე გულუხაიძე, ზეზვა გაფრინდაული (ჩაღმებიდან) და სხვ. ისინი ბევრნი არიან და თითოეული მათგანი თუშეთისა და, საბოლოო ჯამში, საქართველოს  გმირია.

თუშური პატრიოტული ბალადები ძირითადად ქრისტიანულ დღეობებზე სრულდება (დადალობა, ათენგენობა, ლაშარობა, გიორგობა, ნათლისმცემლობა და სხვ.), რომლებიც დღემდე ყოველ წელიწადს ტარდება წოვათასა და მთათუშეთის ომალოსა და სხვა სოფლებში.  მათ  ლაიტმოტივად  გასდევს  თუშთა სიამაყე სამშობლოს სადარაჯოზე დაღუპული იმ გმირების გამო, რომლებმაც დაიცვეს მშობლიური მიწა და ასახელეს წინაპრები; იმავდროულად, გამოხატულია რწმენა, რომ კიდევ გაიზრდება  მათი სადარი შთამომავლობა, რომელიც მრავალჯერ ასახელებს სამშობლოს – საქართველოს.  აღსანიშნავია, რომ პატრიოტული სიმღერები სრულდება მხოლოდ ქართულად, ხოლო სიმღერები, რომლებიც ეძღვნება მხოლოდ ერთ რომელიმე გმირს,  სრულდება  წოვურადაც, ჩაღმურადაც და ქართულადაც.  ნიმუშად მოგვყავს ერთი ამონარიდი XX საუკუნის სახელგანთქმული  მთქმელისა და შემსრულებლის,  მოსე შავხელიშვილის, რეპერტუარიდან:

„სახელოვანო ალგეთს ქალაქო,

შემოგამწკრივეთ ტალავრის გუნდი!  (2–ჯერ)

ჩემო სამშობლო, წმინდა  წმინდა ალაგო,

ვიბრძოდით შენთვის – კვლავ დაგიბრუნდით!..“ [1]

მშვიდობიან დროს  თავის პატრიოტიზმსა და პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე თუშები ავლენენ ქვეყნის საკეთილდღეოდ დაუღალავი შრომით. წოვათისა და, ნაწილობრივ, პირიქითის მოსახლეობა  მისდევს მეცხვარეობას. მაგ., XVIII-ХIХ საუკუნეებში ცხვრის რაოდენობა თუშეთში ზოგჯერ 250 ათასს აღწევდა. ცნობილია, რომ  თუშური ცხვრის ჯიშის გამოყვანა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით თარიღდება [Рчеулишвили, 1953: 144 ]. განვლილი 20 საუკუნე გვიჩვენებს, რაოდენ  დიდი შრომა და ცოდნა  ჩაიდო ამ დარგის ჩამოყალიბებაში;   ცხვრის მოვლა-გამრავლების გარდა, დამუშავდა  ყველის  გაკეთების უნიკალური ტექნოლოგია; ასევე განვითარდა ქსოვის ხელოვნება, რაც კარგ შემოსავალს აძლევდა არა მარტო კონკრეტულ ოჯახს, არამედ სახელმწიფოსაც.

საქართველოს ისტორიულ ქრონიკებში არაერთი ცნობაა  დაცული იმის შესახებ, რომ  ქვეყნის ხაზინა დამპყრობელთა ხარკის გადახდის საშუალების არქონის გამო ვალს ცხვრის სულადობით ფარავდა; რომ თუშურ გუდის ყველს არაერთხელ დაუმსახურებია პრიზი საფრანგეთში გამართულ კონკურსებში;  რომ აღმოსავლეთის ბაზარზე დიდი მოთხოვნილება იყო თუშურ მატყლზე, რომელიც თავისი ხარისხით კონკურენციას უწევდა უფრო განვითარებული ქვეყნებიდან  შეტანილ მატყლს (თუშური მატყლისგან შეკერილი საბნები და ლეიბები იყო თბილი, მსუბუქი და გამძლე).

ქრონიკებში დაცულია ინფორმაცია, რომ თუშები თავიანთ დანაზოგს მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობას ახმარდნენ. მეცხვარეობა ამ დანაზოგის გაკეთების დიდ საშუალებას იძლეოდა. ამდენად, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მრავალი ტაძარია მათი თანადგომით აშენებული: წმინდა გიორგის სახელობის ალავერდის ტაძარი, თეთრი გიორგი (თელავის მახლობლად), სამება (თბილისში), აღარაფერს ვამბობთ  სალოცავებსა და ეკლესიებზე, რომლებიც აგებულია  თუშეთის მთიანეთსა და ალვანის ველზე: ბერი სამება, ლაშარის ჯვარი, კოპალა, იახსარი, სამება, წმინდა გიორგი, ცხრაკარის ნათლისმცემელი, კვირაცხოველი, ღვთისმშობელი და სხვ.

ვფიქრობ, თუშების  მამაცი ბუნება და მატერიალური  დაწინაურება გახდა მათი  დამოუკიდებელი ხასიათის ჩამოყალიბების მიზეზი. ისინი არასდროს ყოფილან დამონებულები, მათ არც სოციალურ ფენებად დაყოფა შეხებია. ეს ხალხურ პოეზიაშიც არის ასახული:

„თუშთ არ იციან ვითარცა, ვინ არის  მონა–ბატონი;

თვითონ არიან თავისი მბრძანებელიც და ბატონიც!“[2]

თუშების წეს-ჩვეულებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა შემონახული ლექსში „თუშეთის წმინდანები“,  რომელიც ივ. ბუქურაულის კრებულშია დაბეჭდილი 1895 წელს; მასში საინტერესოდაა წარმოდგენილი წმინდანების დალოცვის თანმიმდევრობა: პირველად უნდა ახსენო ჩვენი უფალი  ჩვენი შემქმნელი და დიდებული, შემდეგ  ნასისკარ გიორგი, როგორც უფლის სამყოფელის დამცველი და ყოველი ახალი დღის მაუწყებელი (ნასისკარ > ცისკარ-ი).  მესამე ადგილზეა ბერი სამება – ეს წმინდა სალოცავი, რომელიც IV საუკუნით თარიღდება, დღემდე შემონახულია თუშეთის წოვათაში. ტრადიციულად ყოველ წელიწადს, აგვისტოს პირველ შაბათს, თუშები ადიან მოსალოცად იმ იმედით, რომ მათი ყველა თხოვნა და გულისნადები უფლის კარამდე მიაღწევს და მათი სურვილები უსათუოდ ასრულდება. ეს სალოცავი ერთი პირველთაგანია, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ აშენდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და ითვლება ყველაზე წმინდა და მადლმოსილ ადგილად. XVII საუკუნეში სოფ. ალონში (ახლანდელი ზემო–ალვანი) სამების ეკლესიის მშენებლობისას საძირკველში ჩატანებულ იქნა თუშეთის ბერი სამების ნიში. ამდენად, მასაც  ასეთივე მადლმოსილ ეკლესიად მიიჩნევენ, როგორც ბერი სამებას. ამგვარი უძველესი ქრისტიანული ძეგლის წოვათაში არსებობა ეხმიანება  ცნობას „ქართლის ცხოვრებიდან“, რომელშიც ნათქვამია, რომ, როდესაც წმინდა ნინო საქართველოს ეწვია მართლმადიდებლობის გასავრცელებლად, მას დახვდნენ კოლხები, ფხოველები, გუდამაყრელები და წობონები (წოვები).  ლექსში უძველესი  წმინდანების ჩამოთვლა ხდება მათი სულიერი ქველმოქმედების სიძლიერის მიხედვით: ლაშა-გიორგი – ჯარის წინამძღოლი, გმირი კოპალა – ურჯულოებისა და მტრების მომგერიებელი, ხახმატ–გიორგი – მოახლოებული საშიშროების ამრიდებელი, მაგეხ-გიორგი – მთების დამცველი, წმინდა თევდორე – ცოდვების მიმტევებელი და მადლის გამცემი ავადმყოფთა, გლახაკთა და ცოცხალთათვის და წმინდა გიორგი, რომლის ძალაც იმდენად მადლიანი და კეთილისმთესველია, რომ მის კარზე ადამიანთათვის ყოველთვის მოიძებნება სარჩო და სანოვაგე.   

         უნდა საგანგებოდ აღინიშნოს ისიც, რომ წოვებისა და ჩაღმების მოსახლეობის მეტყველებაში ძალზე დიდია საერთო  ლექსიკური ერთეულების რაოდენობა, განსაკუთრებით დარგობრივ ტერმინოლოგიაში. წოვა–თუშურის შესწავლა გვიჩვენებს, რომ ენის კონსერვაციის წყალობით გრამატიკული მოდელები და სიტყათა მაწარმოებლები გვაძლევს საშუალებას, გამოვყოთ ამ დარგების ჩამოყალიბებისა და განვითარების მთავარი ეტაპები და, შესაბამისად, განვჭვრიტოთ, ზოგადად, თუშეთის საზოგადოების კულტურულ–ეკონომიკური განვითარების გზები.

     ამრიგად, უდავოა, რომ წოვა-თუშეთს ისევე, როგორც თუშეთის ყველა რეგიონს,  ისტორიულად დიდი ადგილი უჭირავს  ქართული სოციო-კულტურული სამყაროს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s