თუშური კილო და კულტურა

tusheti 035თუშური კილო, ფშაურ და ხევსურულ კილოებთან ერთად, ქართული ენის სხვა დიალექტებისაგან უფრო მეტი არქაულობით გამოირჩევა და ეს არქაიზმები პარალელებს ადრეული შუა საუკუნეების ქართული ენის ძეგლებში ჰპოვებს.
აღსანიშნავია, რომ თუშეთის ერთ-ერთი თემი „წოვებიათა“ მეზობელ ვეინახთა (ჩეჩენ– ინგუშეთში) ენის დიალექტზე მეტყველებს.ქრისტიანობა, რომელიც მე-1 4 საუკუნეში საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, საწყის ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, თუშეთში ვერ გავრცელდა. შუა საუკუნეებში კი ქრისტეს რჯული აქ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მაინც გავრცელდა, შეერწყა ადგილობრივ წარმართობას და შეიქმნა სარწმუნოების ერთგვარი სინკრეტული ტიპი.

თუშეთი ტრადიციულად მისდევდა მიწათმოქმედებასა და მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებასა, მაგრამ მაინც წამყვანი წილი მის მეურნეობაში ნომადურ მეურნეობას ეჭირა. ასე იყო ძველად და ასეა ახლა. Continue reading

ისტორიული ძეგლები

tusheti 050თუშეთი ევროპის ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. სოფელი ზემო ომალო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. აქ თითოეულ ქვასაც კი თავისი ისტორია აქვს.

თუშეთის მშვენიერი გარემოს შეგრძნება ჩვენი სასტუმროდანვე შეგიძლიათ. სასტუმროს გარს აკრავს ულამაზესი პეიზაჟები, თუშური ტრადიციული  ფიქლით (სიპით) ნაწყობი უძველესი სახლები და შუასაუკუნოვანი კესელოს ციხეები. ციხეებში ამჟამად მოთავსებულია თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც თუშეთზე ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

თუშური კოშკები სათვალთვალოს და თავშესაფარს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნელების თავდასხმებისგან დასაცავად. კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. გვიანი შუა საუკუნეების ციხეკოშკები კარგადაა შემონახული სოფლებსა და ნასოფლარებში. გორაკებზე მცირე ზომის საკულტო ნაგებობებს – სალოცავებს ვხვდებით, მართლმადიდებლური არქიტექტურის ძეგლებსა და აღდგენილ ეკლესიებს.

რაინდის,ვაჟკაცის ხატი მთაში

farsma 008კაი ყმის უპირველეს ღირსებად ხალხს მამულის სიყვარული მიაჩნდა. შეიძლება, კაცი არ იყოს  ფიზიკურად ძლიერი, არც ხმლის ჩაუქად ხმარება იცოდეს, არც თოფის „ლიშანში“  სროლა, მაგრამ სამშობლოს ღალატი არავის ეპატიება:

„ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს მამული, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდა ბუზივით ეხვიოს თავზე მტერია,
არ გადიწყვიტოს იმედი, არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაჰგმობს და დასწყევლის მოძმე ერი და ბერია.“
„…მტერსა რომ მტრობას უწევდეს – ვაჟკაცის შესაფერია.
ვისაც მტრის მტრობა აშინებს, ქვეყნად ის არაფერია.
არც მაუხდება აბჯარი, არც ომში წასასვლელია,
არც ვაჟკაცების ხსენების, არარად ჩასათვლელია.
უნდა გაზარდოს დედამა ვაჟი მტრის გამჯავრებელი,
აუგის მთქმელი არ იყოს, არც ფეხის დამწყნარებელი,
არც აშინებდეს სიკვდილი, სიცოცლის გამმწარებელი.“

 საგმირო-სახოტბო ტიპის ლექსებში აღწერილია გმირთა გარეგნობა; შემკულია ვაჟკაცის თვისებები და სულიერი სილამაზე. ხალხურ პოეზიაში ხშირად გამოჩნდება ხოლმე ქალთა სახეები, რომლებიც ნატრობენ თავიანთთვის სასურველ სატრფოებს: Continue reading

დართლოს აკლდამები

tusheti 038თუშეთში, ულამაზეს სოფელ დართლოსთან ძველისძველი სასაფლაოა. დროთა განმავლობაში საფლავის ქვებს ხავსი მოჰკიდებია, მაგრამ მაინც ვერაფერს წაუშლია ამოტვიფრული წარწერა “უფალო შემიწყალე!” თუმცაღა ლოდები დროდადრო მიწაში კიდევ უფრო ეფლობა.

 “ძველად ჩვენი ხალხი ცდილობდა საფლავის ქვაზე ისეთი რამ დაეწერათ, რაც განსასვენებლის პატრონსაც წაადგებოდა და წამკითხველსაც. ამიტომაც კაწრავდნენ უფლის სავედრებლებს ქვებზე. ახლა, როცა ამ წარწერებს კითხულობ, შეწყალებას შესთხოვ ღმერთს, როგორც აქ განსვენებულთა, ასევე შენი სახელით. ძველებისგან მსმენია, თუ საფლავის ქვასაც მიწა დაფარავს, სააქაოდან ხმას ვეღარ მოგაწვდენთ და ეს ძალიან ცუდის ნიშანი იქნებაო.

ამათ ზოგი აკლდამებს ეძახის, ზოგიც საყდრებს. შიგნით ორიოდე კაცი ძლივს დაეტევა, ისიც წელში მოხრილი,  “თუშები დიდხანს გარდაცვლილის ნეშტს უწმინდურად თვლიდნენ. მიაჩნდათ, რომ სხეული კი არ იყო მთავარი, არამედ ის, რაც სხეულს ტოვებდა. სულგაცლილ სხეულს მალევე მარხავდნენ, სულისთვის კი ყველა დროში სხვადასხვანაირად ირჯებოდნენ. ერთხელაც ამ სოფლის მკვიდრი ულამაზესი და-ძმა მდინარის პირას დაუხოცავთ ლეკებს. მწუხარებისგან შეშლილა დედა და თურმე შვილების დამარხვის უფლებას არ იძლეოდა. ოჯახის უფროსს სასწრაფოდ აუგია ეს ორი აკლდამა და-ძმის დასასვენებლად. ამბობენ, ცხედრები აკლდამებში რომ დაასვენეს, იმ დღეს დაუწყია თოვა და დიდხანს აღარ შეწყვეტილაო. მწუხარე დედა სახლიდან აკლდამებამდე ცხელი ცრემლებით ალღობდა თოვლს და მისი კვალი გაყინვას ვერ ასწრებდაო. ზამთარს დიდხანს შეუნახავს დედისთვის შვილები. მერე ისიც გარდაცვლილა და ერთად დაუმარხავთ ამ სასაფლაოზე”. Continue reading

ბახტრიონის აჯანყება

diklo 002გადმოცემის თანახმად, ბახტრიონის აჯანყებაში აქტიური და სამაგალითო მონაწილეობისთვის, მეფეს თუშთა გმირის, ზეზვა გაფრინდაულისთვის უკითხავს: რას მოითხოვ ჯილდოდ, შენი და შენი თანატომელების სამაგალითო გარჯისთვის ამ საღვთო ომშიო. ზეზვას უთქვამს: ბახტრიონიდან ალვანის ველზე ცხენს გავაჭენებ და სადამდისაც ის სირბილით მიაღწევს, ის ტერიტორია მოგვეცი თუშებსო. ცხენს ტახტიგორამდის ურბენია და იქ წაქცეულა. თუშებს დღესაც სჯერათ, რომ ალვანის ველი ზეზვას ცხენმა თავისი „ნაფრენებით” მიუზომა მათ.

ვინ იყო ზეზვა გაფრინდაული და რა როლი მიუძღოდა მას ბახტრიონის აჯანყებაში,

თუშეთში, გომეწრის ხეობაში, გომეწრელთა საერთო სათემო სალოცავის, ხითანის წმიდა გიორგის მისადგომებთან, ტაფობში, რომელსაც სასვენათანას ეძახიან, დევს მთის ბროლის ერთი დიდი ლოდი. ამ ლოდს თუშები, დღესაც, ზეზვას ქვას ეძახიან.როდესაც კახეთში საყოველთაო აჯანყება მზადდება სპარსელების წინააღმდეგ – ცნობილი, 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება. მემატიანე გადმოგვცემს, რომ ზაალ არაგვის ერისთავი განაწყენებული იყო შაჰზე, რომ მან კახეთი საგანმგებლოდ, არა მას, არამედ – ფეიქარ ხანს ჩააბარა. მემატიანის გადმოცემით, ზაალმა მოიმხრო სუფრაჯი ბიძინა ჩოლოყაშვილი და აგრეთვე, მათ „მოიმხრეს მთის კაცნი თუშნი და ღამესა ერთსა, დაეცნენ ციხესა ბახტრიანს და მოსრნეს იქ მყოფნი ელნი პირითა მახვილისათა.” ჩემი აზრით, სწორედ ამ მთის კაცთა მეთაური, რომელიც მიიმხრეს ზაალმა და ბიძინამ, იყო ზეზვა გაფრინდაული. ზემოთ, რომ პატარძლის სამოსი ვახსენეთ, მისი მორგების დროს, Continue reading

შეთე გულუხაიძე

tusheti 056შეთე გულუხაისძის შესახებ მრავალი ლეგენდა თუ ზეპირსიტყვიერებაა გავრცელებული. როგორც ეთნოლოგი, მწერალი გიორგი ცოცანიძე განმარტავს: ზეპირი ისტორიების თვისებაა, რომ გმირის შესახებ გადმოცემებს ლეგენდებად აქცევენ და ეს ლეგენდები ძალიან ხშირად მითიურ საბურველშიც იხვევა ხოლმე. თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი პიროვნება რეალურად არსებობდა და საკმაოდ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებშიც აქვს თავისი წვლილი შეტანილი. შეთე თუში გმირია. გმირი თავისი ფიზიკური მონაცემებითა და ცხოვრების წესით: არის მეცხვარე, მეურნე, ტიპური თუში გლეხი. ასევე მეთაური და მონაწილე მაჰმადიან მეზობლებზე მეკოპრული თავდასხმებისა. ამ წესით ცხოვრობდნენ იმ პერიოდში, როგორც თუშეთში, ასევე თუშეთის მეზობელი მთიელი ტომები. როგორც წესი, თუშებიცა და მათი მეზობლებიც ხშირად მიმართავდნენ ურთიერთთავდასხმებს, ძარცვას, ქურდობასაც და მოტაცებასაც. ეს არ ითვლებოდა დანაშაულად. დანაშაული იყო ამგვარი საქციელის ჩადენა თემის შიგნით. ანუ თუშს თუშისთვის არც უნდა მოეპარა, არც ცოლი წაეგვარა, არც მიჯნა გადაეწია და ასე შემდეგ. Continue reading

საიდან იწყება თუშეთის ისტორია

tusheti 046კავკასიონის მთებში მდებარე თუშეთის ისტორია პრეისტორიული ხანიდან იწყება. “ქართლის ცხოვრებისა” და ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს ისტორის” მიხედვით თუშეთი ძვ. წელთაღრიცხვის IV-III საუკუნიდან ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შემოდის და მის ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს. აღნიშნული ხანიდან თუშეთს დაევალა საპასუხისმგებლო მისია – დაეცვა საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთი საზღვარი გარეშე მტრისაგან, რასაც ამ კუთხემ საუკუნეების განმავლობაში წარმატებით გაართვა თავი.

გამუდმებულმა ომებმა და საქართველოს ბარისგან საკმაოდ დაშორებულმა ცხოვრებამ განაპირობა თუში ხალხის უბადლო მეომრებად ჩამოყალიბება. დიდი ვახუშტი წერდა, რომ თუშნი “არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი”, ხოლო მკვლევარმა ი.ციციშვილმა კი თუშები თავისი საქმიანობით შემდეგნაირად დაახასიათა: “არც ერთი ტომი კავკასიის მთიელებს შორის თავისი მამაცობით იმდენჯერ არ ქებულა, რამდენჯერაც თუშები. კავკასიის რომელ კუთხეში არ მოგიყვებიანთ თუშების ვაჟკაცობის შესახებ.” თუშეთის შეუვალობა და მისი ტომის შეუდრეკელობა თუშებმა კარგად გამოხატეს რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძისადმი 1657 წელს მიწერილ წერილში: “ჩვენ მაგარს ალაგას ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი და სადაც მოგვიხელებია მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია…”. Continue reading

ლეგენდა ჩიოელებზე

HPIM2356ჩიოელების ცხვარს დასცემიან ერთ დროს ჩიღოს ხააში. მთელი სოფელი წასულა წასულა მდევრად. ერთი ხუნჩალე ყოფილა,ჭკვიანი უჩუმარი კაცი. ის იმ დროს წისქვილში ყოფილა, დიაცმა ჯორი შეუკაზმა იარაღიც ზედ გადაკიდა ჩასულა ქმართან წისქვილში: შე, ბაჩავო, მთელი სოფელი მდევარში წავიდა შენ აქ წისქვილში ზიხარ თააგვივით. დაიცა ქაამლო  უთქვავს ხუნჩალეს სადაც ცხვანი წავიდნენ მე და ჩემი ჯორაკაც იქ წავალთო,აუსხია იარაღი,შემჯდარა ჯორზე ცასულა.ერთი ცუდი ფხა გორი ყოფილა ზედ ასვლა კაცს აზრად  არ მოუვიდოდა ხუნჩალეს ანავალს ეძახიან ახლაც, იმ გორგორ გაყოლია გზას, ქისტებს არც ეგონა იმ გორზე ვინმე  ავა და არ იცავენ იმ გორს, სადამდეც ჯორით მივიდა იქ დაუტოვებია და გზა ფეხით გაუგრძელებია თავთით დაუარა ქისტებს და ხულანტის  გადასასვლელ ღელეში ჩაუჯდა. გადასასვლელს მოსდგომიან ქისტები პირველი ვინც ცხვარს ქეჩავდა მისთვის უსროლია ხუნჩალეს და გაუგორებია. არიქა ცერები შეგვიკრეს ჩიღოელებმაო დაუძახიათ დაუყრია ცხვარი და დაქცეულან. Continue reading

ტახტიგორა

taxtigori-003უძველესი ტახტიგორის ეკლესიის ნახვა შეიძლება ტახტიგორაზე, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე – ბაწარა-ბაბანეულისა და ილტოს დაცულ ტეროტირიაზე.

2006 წელს გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა და მხოფლიო ბანკის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ტახტიგორაზე თამარ მეფის სახელობის პატარა ეკლესიის (X-XII სს) აღდგენა. ეკლესიის აღდგენაში მონაწილეობდნენ სათემო კავშირი “ლალისყურელი გლეხები”. Continue reading

ნასაყრდრალები

nasaydrali-001სოფელ ზემო ალვანში, ალაზნის პირას, არის შუასაუკუნეების ძეგლი, ამ ძეგლზე ინფორმაცია ფაქრობრივად, ვერ მოვიძიე.

თუმცა ადგილობრივების თქმით, სწორედ, აქ მართავდა თამარ მეფე წვეულებებს.

ახლა აქ ბალახი ბიბინებს და გაუვალ ბილიკებს მეცხვარე თუ გადათელავს თავისი ფარიანად.

სწორედ, იმ გუდამოკიდებულმა მეცხვარემ მოგვიყვა, როგორ იღებდა დიდებული თამარ მეფე ნაზირ-ვეზირებს. ადგილობრივების თქმით, აქ, შაჰ-აბასის დროს, 1660 წელს კახეთის აჯანყება რომ მოხდა, 2 000-მა თუშ-ფშავ-ხევსურმა ბახტრიონი რომ აიღო, სწორედ მაშინ დაუმტკიცა ერეკლე მეფემ თუშებს ალვანი. მაშინ მეფემ თუშების გმირ ზეზვა გაფრინდაულს კითხა, რას ისურვებ რომ გაჩუქოო, ზეზვამ მოითხოვა, რასაც ჩემი ცხენი ბახტრიონიდან შეუსვენებლივ ირბენს, ის მომეციო. ზეზვას ცხენმა ბახტრიონიდან ტახტის ბოგირამდე ირბინა, სულ 24 კილომეტრი, ზეზვას ცხენმა სული განუტევა. Continue reading