თუშები – ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ცხოვრობენ თუშეთში – დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე, პირიქითა და გომეწრის ალაზნის სათავეებში, აგრეთვე კახეთში – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თუშები საუბრობენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე, ხოლო მათი ერთი თემი – წოვა-თუშები – აგრეთვე ბაცბურ ენაზე. წარსულში თუშებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებები, რაც მათ განასხვავებდა საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან. ისინი მისდევდნენ მეცხვარეობას, შემონახული ჰქონდათ საოჯახო-თემური ტრადიციები, არიან მაღალგანვითარებული კოშკური არქიტექტურისა და მუსიკალური ხელოვნების შემოქმედნი.
თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთითჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს.
გეოგრაფია
თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდ. განედის 42032/-42022/ და აღმ. გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობია 896 კვ. კმ. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის მუნიციპალიტეტში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები განლაგებულია 1900 მ-დან 2400 მ-მდე.
თუშეთი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის (პირიქითის) ქედი, დასავლეთით ამუგო–აწუნთის ქედი, აღმოსავლეთით ბუნებრივი საზღვარი გაუყვება აკაზმა-ჭეროსთავის ქედს და მთავრდება მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ხოლო სამხრეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, ე. წ. ვადაეთის ქედი.
თუშეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის ქედი, მისი უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 მ). თუშეთის ქედის პერპენდიკულარულად სამხრეთ მიმართულებით გამოიყოფა შემდეგი ქედები: ძველციხეთანის, ჭეროს, ცირბევის, დანოს,ლაროვანის, სანარის ქედი-სანარისა და აკაზმის ქედები.
მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია: შავი კლდე (3578 მ), დიდგვერდი (3334 მ) და პატარა ბორბალო(3180 მ).
მთავარი წყალგამყოფი ქედიდან გამოიყოფა უამრავი პერპენდიკულარული ქედები, რომელთა შორის აღსანიშნავია საჯინჭვლის,ნახიდურის, ალატოვანის, ოთხწყაროს, ენჭოს, ლაისა და სხვა.
თუშეთის რელიეფი და მისი ძირითადი ტიპები ჩამოყალიბებულია მეოთხეული პერიოდის ვერტიკალური მოძრაობებით, გამყინვარებით, მდინარეული ეროზიითა და მექანიკური გამოფიტვით.
ვაკეებიდან გამოირჩევა ომალო-დიკლოს ვაკე, რომელიც ალაზნის კანიონით გაყოფილია ორ ნაწილად. აქვეა ცოკალთა-ქუმელაურთის ვაკე. აღსანიშნავია აგრეთვე თურსიეხის, ქვახიდის, წოვათის, ალაზნის თავის და სხვა პატარ-პატარა ვაკეები.