თუშური თექა

girevi 013თექის დამზადების ტექნოლოგია დღემდე დიდ ინტერესს იწვევს ქალბატონებში. მისი დამუშავება და მომზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ შედეგი ყოველთვის საუცხოოა. როგორ დავეუფლოთ ამ ხელსაქმეს და როგორ დავამზადოთ მისგან ტანისამოსი თუ ათასი სხვადასხვა აქსესუარი, .
 რა არის თექა? 
– თექა ჩვეულებრივი მატყლია, რომლისაგანაც, ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ, საბნებს ამზადებენ. იმისათვის, რომ მან თექის სახე მიიღოს, აუცილებელია მისი საგულდაგულოდ დამუშავება. აი, ეს ყოველივე კი შრომატევადია, თუ არ იცით თექის დამუშავება, გაგიჭირდებათ მისი საბოლოო სახის მიღება. საკმაოდ საინტერესოა ყოველივე და ამავე დროს ულამაზესი.
როგორ მიმდინარეობს თექის დამუშავება? 
თექის დამუშავება შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად. პირველ რიგში, იგი უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, შემდეგ კი ისე გამოვაშროთ, რომ მატყლმა ნესტი არ შეინარჩუნოს. გაშრობის შემდეგ, დავაუთოვოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იგი ძალიან კარგად უნდა გამოშრეს. ეცადეთ მატყლი არ დაწვათ და ისე გააუთოოთ. ასევე თექის დამუშავებაში შედის მისი შეღებვაც. იგი იღებება ბუნებრივი და ხელოვნური საღებავებით. რა თქმა უნდა, სასურველია გამოვიყენოთ ბუნებრივი საღებავები, რადგან ასე დამუშავებული მატყლი უფრო თბილი ფერებით გამოირჩევა, მას ეტყობა, რომ ბუნებრივია და არა ხელოვნურად შეღებილი და ხელოვნური საღებავებით გაჯერებული. გაინტერესებთ, რითი იღებება? ესენია: ბროწეულის ტოტები, კაკლის წენგო, ენდრო და სხვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასე თექა ფერს დიდხანს ინარჩუნებს და არ ხუნდება.
რამდენიმე საუკუნის მანძილზე ჩვენი წინაპრები სწორედ ამ საღებავებს იყენებდნენ. მართალია, ახლა უფრო მარტივი გზით შეიძლება ყოევლივეს მომზადება, რადგან უკვე გამზადებული საღებავი იყიდება, რომელსაც მომზადება არ სჭირდება, მაგრამ ბუნებრივი ფერებით შეღებილი თექა მაინც სხვაა. სწორედ ამიტომ მირჩევნია, ფერები საკუთარი შრომით მივიღო, ვიდრე უკვე გამზადებული საღებავებით შევღებო. თუ, რა თქმა უნდა, არ გამოგდით კარგი თექა, შეგიძლიათ პროფესიონალების მიერ გამზადებული თექა შეიძინოთ და უბრალოდ იმ საქმით დაკავდეთ, რომელსაც თექის დამუშავების შემდგომი პროცესი ჰქვია.
–  რა უწოდება თექის დამუშავების შემდგომ ეტაპს? 
– ეს არის თექის დამუშავებაში, ყველაზე საინტერესო და სახალისო ეტაპი, აქ ნამდვილად უნდა დაიხმაროთ ფანტაზიის უნარი და თქვენთვის საჭირო და სასურველი აქსესუარები შექმნათ.

– რით განსხვავდება მატყლის თექა ტულის თექისაგან? 
– თექა შეიძლება ორნაირად დამზადდეს: პირდაპირი მატყლითა და ტულის გამოყენებით. როდესაც თექის დამზადება ტულის გარეშე ხდება, მატყლი უნდა დავაწყოთ თანმიმდევრობით პოლიეთილენის შესაფუთ პარკზე. თუ გვსურს სადა თექის მიღება, უნდა დავამუშავოთ ერთი ფერის მატყლი, ხოლო თუ პირიქით, მაშინ შესაბამისად, სხვადასხვა ფერის მატყლს შევურევთ ერთმანეთს და ისე დავამუშავებთ. ახლა განგიმარტავთ როგორ დამავუშავოთ ტულის თექა. ტულის გამოყენების შემთხვევაში, ერთ ფენა მატყლს უნდა დავაფინოთ ზევიდან ერთი ფენა ტული. ზემოდან ისევ მატყლი და ა.შ. ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ ტული და მატყლი ერთმანეთში კარგად გაჯდეს. ერთმანეთში გაჯერებულ მასას ზემოდან წავუსვათ სარეცხი საპონი და ხელის წრიული მოძრაობით დავამუშავოთ. ამ ყველაფრის შემდეგ მიღებული მასა მონაცვლეობით გავრეცხოთ ჯერ ცივ, ხოლო შემდეგ თბილ წყალში, რადგანაც ამ დროს მატყლი ძალიან კარგად ითექება.
რომელი მატყლია საქართველოში ყველაზე აქტუალური? 
საქართველოში ყველაზე აქტუალური მთის მატყლია, რომელიც თუშეთსა და მის მსგავს მთიან რეგიონებში მოიპოვება. მატყლი შეიძლება იყოს როგორც ადვილად დასამუშავებელი და დამყოლი, ასევე უხეში და უამრავი დამუშავების შემდეგაც არ იძლეოდეს სასურველ შედეგს. თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ დღესდღეობით საზოგადოებაში მკვეთრად გაზრდილია ინტერესი თექისადმი, ყველაზე აქტუალური მაინც ადვილად დასამუშავებელი თექაა, რადგან მას იყენებენ როგორც პროფესიონალები, ასევე დამწებები ამ საქმეში.
–როგორ დავეუფლოთ ამ ხელსაქმეს? 
ეს ხელსაქმე ისეთი რაღაცაა, რომ ადამიანი ძალაუნებურად ინტერესდება მისით. თექაზე მუშაობა როგორც ხელოვნების, ასევე ისტორიის ნაწილია, რადგანაც ძველ დროში ასე იმოსებოდნენ ჩვენი წინაპრები. ამ ხელსაქმის დაუფლება ნამდვილად ძნელი ამოცანაა, მთავარია ალღო აუღო და მერწმუნეთ, დროდადრო ეს ყველაფერი ისეთი მიმზიდველი და მაცდური გახდება თქვენთვის, რომ თავს ვერ დაანებებთ. უბრალოდ, ამის სურვილი არ გაგიჩნდებათ.

  რა შეიძლება დავამზადოთ თექისაგან? 
თექისაგან შეიძლება დავამზადოთ ჩანთები, შარფები, ქუდები, შესანიშნავი ტანისამოსი და ასევე სამკაულები, რომლებიც სხვადასხვა სახის ბისერებით იქნება მორთული.
თამუნა ლაშხია

დატოვე კომენტარი